სიახლეები
-
13 მაისი, 2012
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, სტიქიიის შედეგად დაზარალებულ ქალაქ გურჯაანში იმყოფებოდა. მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა განსაკუთრებით კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი გურჯაანი და ლაგოდეხი დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა დასახლებულ პუნქტებში არსებული გზები, ხიდები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, შეიზღუდა სასმელი წყლისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 24 საათიან რეჟიმში მუშაოებენ. ამ დროისათვის ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება აღდგენილია.
დღესვე, რამაზ ნიკოლაიშვილმა გურჯაანში საგანგებო თათბირიც გამართა, რომელზეც გამგებლებისგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს ზარალის ოდენობას და შეიმუშავებს გზებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობისათვის მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად.
|
-
11 მაისი, 2012
ევროპის საინვესტიციო ბანკი სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობისათვის საქართველოს დაფინანსებას გამოუყოფს. საგრანტო ხელშეკრულებას დღეს, ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა მოაწერეს, ხოლო სასესხო ხელშეკრულებას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა. საგრანტო ხელშეკრულება 20 მლნ ევროს გამოყოფას, ხოლო სასესხო ხელშეკრულება 170 მლნ ევროს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით გადმოცემას ითვალისწინებს.
გზის აღნიშნული მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტია. საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეც დაახლოებით 70 კმ იქნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურა. მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად 5000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა. სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის გზა გაამარტივებს გადაადგილებას, ხელს შეუწყობს კურორტ გრიგოლეთში ტურიზმის განვითარებას და იმერეთისა და გურიის რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას.
|
-
18 აპრილი, 2012
აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ ხელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ქობულეთში მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
ქობულეთის შემოვლითი გზა აჭარის შემოვლითი გზის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
|
-
31 მარტი, 2012
დღეს, ქალაქ ქუთაისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განახლებულ შენობაში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2011 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოებისა და 2012 წლის გეგმების შესახებ.
|
-
17 თებერვალი, 2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა და სიმბოლურად, ტრაქტორით პირველი თხრილიც გააკეთა.
ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობის მიერ.
|
|
|