ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა
05 სექ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იან საავტომობილო გზის რეაბილიტაციის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და წინასწარი პროექტირება მიმდინარეობს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და წინასწარ პროექტირებას  საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალთინგი“ ახორციელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი სოფელ მოლითში იყოფებოდნენ, სადაც ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და  გზის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი, „კოქს კონსალტინგის“ ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები  და 10-მდე სოფლის მოსახლე ესწრებოდა.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის, ასევე არის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერია და  ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს მთავარ ქალაქებს. საპროექტო გზა მის ძირითად სიგრძეზე მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას  აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. 37 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდება, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში და მოიცავს: ასფალტის საფარის დაგების, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, ასევე ნაპირსამაგრ, გზის მონიშვნისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოებს.

პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები,  მოსახლეობის მობილურობა, სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გზის წინასწარი პროექტირება 2014 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე დეტალური პროექტირება მომზადდება, ხოლო შემდეგ დაიწყება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: